მიმდინარე პროექტები

სპეციალური გამოსასეირნებელი ადგილების მოწყობა

მიმდინარეობს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველთა გასეირნებისათვის სპეციალური ადგილების შერჩევა, შემდგომში მათი სათანადო მოწყობის მიზნით. მსგავსი ადგილების მოწყობა ხელს შეუწყობს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დაწესებული გამოსეირნების პირობების და შეზღუდვების უზრუნველყოფას (იხილეთ მე-6 მუხლის პუნქტი 13 ცხოველების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესი.pdf)
იხილეთ მთავრობის დადგენილება: სამუშაო_ჯგუფის_განკარგულება.pdf

 

ცოფის ვაქცინაცია

"ცოფის პრევენციის მიზნით 2014-2018 წლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 აპრილის № 690 განკარგულების მოთხოვნების შესაბამისად და ძაღლების პოპულაციის რიცხოვნობის შედეგების გათვალისწინებით, მიმდინარეობს უპატრონო ძაღლების ანტირაბიული ვაქცინაციის, იდენტიფიკაციის (ვაქცინირების უზრუნველსაყოფად) და რევაქცინაციის მექანიზმების შემუშავება, აუცილებელი რესურსების გაანგარიშება და ცოფის პრევენციის მიზნით გასატარებელი  კომპლექსური ღონისძიებების დაგეგმვა;

 

ვეტერინარულ-სანიტარული კორდონი 

ვეტერინარულ-სანიტარული კორდონის კონცეფცია ჩამოყალიბდა ცხოველთა პოპულაციების მართვა-კონტროლის ეფექტურად ორგანიზების მიზნით  და უპირველესად მიზნად ისახავს დედაქალაქის დაცვას „მიგრანტი“ ცხოველების შემოდინებისგან და, შესაბამისად, თბილისში ძაღლების პოპულაციის ზრდის ერთ-ერთი მთავარი ხელშემწყობი ფაქტორის განეიტრალებას. პროექტის ამოცანებში ასევე შედის თბილისის „გაწმენდა“ აგრესიული, დაავადებული, არასტერილიზებული ძაღლებისაგან. ასევე გათვალისწინებულია ანტირაბიული (ცოფსაწინააღმდეგო) პირველადი და ყოველწლიური ვაქცინაციის პროცესების ორგანიზება. პროექტი წარმატებით მიმდინარეობს და სააგენტო ვარაუდობს მისი ძირითადი სტადიის დასრულებას 2017 წლის ბოლოსთვის;

 

საინფორმაციო გაკვეთილი თბილისის სკოლებში

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ, საქართველოს განათლების სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, 2015 წელს მოამზადა სპეციალური „საინფორმაციო გაკვეთილი“, რომლის მიზანია მოზარდებს გავაცნოთ  ცხოველებთან მოქცევის ჰუმანური, მსოფლიოში აპრობირებული წესები. პროექტი მომზადდა სააგენტოს სპეციალისტების მონაწილეობით, რომლებიც თავადვე ატარებენ გაკვეთილებს საჯარო თუ კერძო სკოლებში ადგილობრივი პედაგოგების თანდასწრებით. საგულისხმოა, რომ პროექტმა მოსწავლეებისა და პედაგოგების დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა. მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას, რაც ადამიანებისა და ცხოველების უსაფრთხო თანაცხოვრების დამკვიდრების საწინდარი გახდება;

 

ლეკვების გაჩუქების აქცია 

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო პერიოდულად, თბილისის მასშტაბით ატარებს ლეკვების გაჩუქების აქციებს. პირველი აქცია ჩატარდა ზოოპარკში, ხოლო 2015 წლის 23 აგვისტოს მთაწმინდის პარკში. სადაც მუნიციპალური თავშესაფრიდან გაჩუქების მიზნით მთაწმინდის პარკში გამოყვანილ ყველა ლეკვს პატრონი გამოუჩნდა. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ უკვე არაერთი მსგავსი აქცია ჩაატარა, მათ შორის განახლებულ ზოოპარკში, „საახალწლო სოფლის“ ტერიტორიაზე, „ბუკიას“ ბაღში და სხვა. 
აქციები გაგრძელდება. ანონსები იხილეთ ჩვენს ვებ გვერდზე ან facebook-ის გვერდზე - www.facebook.com/Tbilisi-City-Halls-Shelter-for-Animals
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მადლობას უხდის მოქალაქეებს  აქტივობისათვის.