ხშირად დასმული კითხვები

რა არის და როგორ ხდება ცხოველის მიკედლება?

შინაურ ცხოველებთან (ძაღლი, კატა) დაკავშირებულ საკითხებს თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არეგულირებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 აპრილის # 7-28 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველების (ძაღლების, კატების) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესი“.

პრაქტიკაში „წესის“ დებულებები ცხოველების „მიკედლებასთან“ დაკავშირებით სრულდება შემდეგნაირად:

 

  1. თბილისის მუნიციპალურ თავშესაფარში მყოფი, სააგენტოს მიერ გასტერილებული უპატრონო ცხოველის მიკედლების სურვილის შემთხვევაში, პირი (ფიზიკური ან იურიდიული) წერილობითი განცხადებით მიმართავს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს (მუნიციპალურ თავშესაფარში ან სააგენტოს ოფისში), რომლის საფუძველზე სააგენტო უზრუნველყოფს „მიკედლების აქტის“ გაფორმებას და ცხოველის მიყვანას მიმკედლებლის მიერ მითითებულ მისამართზე - უსასყიდლოდ;
  1. ურბანულ გარემოში ბინადარი, გაუსტერილებელი, დაურეგისტრირებელი უპატრონო ცხოველის მიკედლების სურვილის შემთხვევაში, „112“-ის საშუალებით პირი მიმართავს სააგენტოს ზეპირი განცხადებით, რომლის საფუძველზე, სტერილიზაციის ოპერაციების გეგმის და რიგის შესაბამისად, ასევე პირთან წინასწარი შეთანხმებით, სააგენტო უზრუნველყოფს კონკრეტულ დღეს პირის მიერ მითითებულ მისამართზე წერილობითი განცხადების მიღებას, ცხოველის გადაყვანას თავშესაფარში, მის კვლევას, სტერილიზაციას, იდენტიფიკაციას, ანტირაბიულ ვაქცინაციას, რეგისტრაციას და რეაბილიტაციის შემდეგ - დაბრუნებას პირის მიერ მითითებულ მისამართზე - უსასყიდლოდ;
  1. თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის მიერ გასტერილებული და ბინადრობის პირვანდელ არეალში დაბრუნებული (მიკედლების გარეშე) უპატრონო ცხოველის მიკედლების სურვილის შემთხვევაში, პირი წერილობითი განცხადებით მიმართავს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს (მუნიციპალურ თავშესაფარში ან სააგენტოს ოფისში), აწვდის სააგენტოს ინფორმაციას მისაკედლებელი ცხოველის საჭდის („ბირკის“) ნომრის შესახებ და ცხოველის ფოტოებს (ელექტრონულად), რომლის საფუძველზე სააგენტო უზრუნველყოფს სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანას (მიმკედლებლის რეგისტრაციას და ცხოველისთვის სტატუსის ცვლილებას) და ცხოველის სარეგისტრაციო მოწმობის გაცემას - უსასყიდლოდ;
  1. სხვა ვეტერინარული დაწესებულების (მუნიციპალური თავშესაფრის გარდა) მიერ გასტერილებული და იდენტიფიცირებული ცხოველის მიკედლების სურვილის შემთხვევაში, „112“-ის საშუალებით პირი მიმართავს სააგენტოს ზეპირი განცხადებით, რომლის საფუძველზე და წინასწარი შეთანხმებით, სააგენტოს რეაგირების ჯგუფი გამოცხადდება პირის მიერ მითითებულ მისამართზე (ვეტერინარულ დაწესებულებაში ან მიკედლების ადგილზე) და ცხოველის წარმოდგენისა და მისი იდენტიფიკაციის შემდეგ, მოახდენს სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანას (მიმკედლებლის რეგისტრაციას და ცხოველისთვის სტატუსის ცვლილებას) და ცხოველის სარეგისტრაციო მოწმობის გაცემას - უსასყიდლოდ.

"ცხოველების (ძაღლების, კატების) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის" კონკრეტული მუხლები, რომლებიც არეგულირებენ მიკედლების პროცედურებს იხილეთ ბმულზე: მიკედლება.pdf

 

რა შემთხვევაში ხდება თავშესაფრიდან ცხოველის გაჩუქება?

1. თუ თავშესაფარში მოხვედრილ (სავარაუდოდ დაკარგულ) ცხოველს 10 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ არ დაუდგინდა პატრონი;
2. თუ ცხოველი გადმოყვანილია თავშესაფარში პოპულაციების მართვის ფარგლებში და ჩატარებული აქვს ოპერაცია (სტერილიზაცია-კასტრაცია), ანტირაბიული ვაქცინაცია, ლაბორატორიული კვლევები და ყურზე მიემაგრა საჭდე სპეციალური ნომრით.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენს მიერ გამოცემული ბუკლეტი: ბუკლეტი.pdf

 

როგორ დავიწყოთ/განვახორციელოთ ცხოველების სარეგისტრაციო საქმიანობა

საკუთრებაში არსებული ცხოველების (ძაღლი, კატა) სარეგისტრაციო საქმიანობის განხორციელების ახალ მსურველებს ან/და მოქმედ რეგისტრატორებს გაცნობებთ, რომ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველების (ძაღლების, კატების) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 აპრილის № 7-28 დადგენილებაში შესული ცვლილებების საფუძველზე, დადგენილია სარეგისტრაციო საქმიანობის განახლებული პირობები (გთხოვთ იხილოთ ბმული www.animalsmonitoring.ge/page/268).

დამატებით გაცნობებთ, რომ ზემოხსენებულ ბმულზე მითითებული განცხადების სათანადოდ შევსების და სააგენტოს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე (info@animalsmonitoring.ge) მისი გადაგზავნის შემდგომ, ზემოხსენებული № 7-28 დადგენილებით დამტკიცებული „წესის“ მე-5 მუხლის მე-17 პუნქტის საფუძველზე, ჩატარდება შესაბამისი ღონისძიებები:

  1. სააგენტო შეამოწმებს განცხადების შინაარსის შესაბამისობას დადგენილ მოთხოვნებთან. ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში, განცხადება დაუბრუნდება ინიციატორს, ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით;
  2. სააგენტო შეამოწმებს განცხადებაში ასახული მონაცემების რეალობასთან შესაბამისობას;
  3. გაცხადებული და რეალური მდგომარეობის (პირობების) შესაბამისობის დადასტურების შემთხვევაში, სააგენტო ადგილზე შეადგენს შემოწმების აქტს, რომლის საფუძველზე გაფორმდება/განახლდება შესაბამისი ხელშეკრულება და მსურველს გადაეცემა მის მიერ მითითებული რაოდენობის სარეგისტრაციო მოწმობები.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ზემოხსენებული პირობების და პროცედურების სრულად დაცვის გარეშე, სააგენტო ვერ გასცემს მსურველებზე ცხოველების სარეგისტრაციო საქმიანობის განხორციელების თანხმობას და ცხოველების სარეგისტრაციო მოწმობებს.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ მიმართოთ სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს